English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ როზეტა ასათიანი
საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა და ახალი ნეოკლასიკური სინთეზი

ვრცელი რეზიუმე 

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, როგორც საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს ფუნქციონირების თეორია, აერთიანებს სახელმწიფო სექტორსა და "მესამე სექტორს" (არასამთავრობო ორგანოზაციებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს) ანუ სამოქალაქო საზოგადოებას. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ეკონომიკური მეცნიერების შედარებით ახალი დარგია, წარმოიშვა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, ამასთან,სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ისწავლება განვითარებულ ქვეყნებისა და პოსტკომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოში კი სახელმძღვანელოს არარსებობის გამო იგი არ ისწავლება.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა შეისწავლის ეკონომიკის სოციალიზაციის გაძლიერების პრობლემებს ანუ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, წინა პლანზე აყენებს სახელმწიფოს ახალ როლს ეკონომიკაში. სოციალურმა ორიენტაციამ საბაზრო ეკონომიკა პოლიტიკურად სიცოცხლისუნარიანი გახადა.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის წარმოშობის წანამძღვრები სათავეს იღებს გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან და უკავშირდება "კეინზიანური რევოლუციის" საფუძველზე ინკლუზიურ დონეზე მოსახლეობის მოთხოვნის ამაღლებას, რის საფუძველზეც განხორციელდა უკონტროლო, არარეგულირებადი კაპიტალიზმის ახალ თვისებრიობაში _ სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაში გადაზრდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ინდუსტრიული საზოგადოების გადაზრდას პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში წინ უძღოდა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, გაეროს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის შექმნა და ეკონომიკის დაყოფა სექტორებად, ამასთან მომსახურების სექტორის წინმსწრები განვითარება რეალურ სექტორთან შედარებით.

თანამედროვე პირობებში განვითარებულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკამ მიიღო კიდევ უფრო განვითარებული ფორმა სოციალური საბაზრო ეკონომიკის სახით.ამიტომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად ჩამოყალიბდა კეთილდღეობის სახელმწიფოს შემდეგი 5 მოდელი: კონტინენტალურ-ევროპული ანუ გერმანული მოდელი, ანგლო-საქსური ანუ ბრიტანული მოდელი, სკანდინავიური ანუ ნორდიკული მოდელი, ხმელთაშუაზღვის ანუ სამხრეთევროპული მოდელი და კონსერვატიულ-კორპორატიული ანუ იაპონური მოდელი.

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა ითვალისწინებს: საზოგადოებრივი დოვლათის ხელმისაწვდომობას მოსახლეობის თითოეული წევრისათვის, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიღატაკის დაუშვებლობას, უარყოფითი გარე ეფექტების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებასა და არდაშვებას, ბუნებრივი მონოპოლიების შენარჩუნებასა და მათი პრივატიზაციის აკრძალვას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის საშუალო ფენად ჩამოყალიბებას, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებასა და გატარებას, საგადასახადო-საბიუჯეტო რეგულირებასა და ფისკალური ოპლიტიკის გატარებას, ახალი საბიუჯეტო ფედერალიზმის დამკვიდრებას, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გატარებას, ინოვაციური პოლიტიკის გატარებასა და ხელშეწყობას, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სასურსათო უსაფრთხოებით უზრუნველყოფას და ა.შ. ამ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა ქვეყნის ეკონიმიკაში ჩამორჩენილობის მანიშნებელია. ამიტომ საქართველოში აუცილებელია საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისჩართვა საუნვერსიტეტო სწავლებაში. ხელისუფლების მიერ ამ მოთხოვნათა გათვალისწინება და ახალგაზრდობის ინფორმირებულობა ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, საქართველო, დღეს ახალი გამოწვევების წინაშეა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკონომიკის შექმნის აუცილებლობა ობიექტურად განაპირობებს საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის შესწავლასა და მის მოთხოვნათა გათვალისწინებას ეკონომიკურ პოლიტიკაში.